კონკურსი „მე ომბუდსმენი 2017“ – გამარჯვებულთა დაჯილდოება
2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე ომბუდსმენი 2017“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.
2017 წელს კონკურსი „მე ომბუდსმენი“ მერვედ გაიმართა. თამაში 2 ოქტომბერს დაიწყო და რეგისტრაცია 434 გუნდმა - 868 მოსწავლემ გაიარა. პირველი და მეორე ტურის გავლის შემდეგ, მესამე საფინალო რაუნდში მხოლოდ 12 გუნდი და შესაბამისად 24 მოსწავლე გადავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
საქართველოს სახალხო დამცველმა ფინალში გასულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და კონკურსის მიზნებზე ესაუბრა. უჩა ნანუაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკავშირს კონკურსის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერისათვის.
კონკურსში „მე ომბუდსმენი 2017“ პირველი ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანი თუთისანმა და მარიამ ჩხარტიშვილმა დაიკავეს (გუნდი „ვიქტორია“), მეორე ადგილზე გავიდნენ ფოთის N11 სკოლის მოსწავლეები ლეო შელია და გურამ მეგრელიშვილი (გუნდი დ.მ.ს.მ), ხოლო მესამე ადგილი თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შორენა ჯანჯღავამ და სოფიკო კობლიშვილმა (გუნდი „დომინანტი“). მათ საჩუქრად ლეპტოპები და პლანშეტურიკომპიუტერები გადაეცათ.
ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ: მარიამ ტაგანაშვილმა, შალვა ლაშხიამ, შოთა ართმელაძემ, ჯამბული ირემაძემ, ლიკა კობახიძემ, თინათინ ფირჩხაძემ, ჯემალ ნებიერიძემ, გოგა ჩუბინიძემ, თამარ კობახიძემ, ანი შავგულიძემ, მარიამ ნებიერიძე, მარიამ სამხარაძემ, თიკა ბარამაშვილმა, მარიამ მახვილაძემ, ნინო ცუხიშვილმა, მარიამ განჯელაშვილმა, მარიამ ასანიძემ და დავით ქამუშაძემ სამახსოვროდ სერტიფიკატები და საქართველოს ისტორიის ოთხტომეული მიიღეს.
„მე-ომბუდსმენი“ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში ომბუდსმენს სახალხო დამცველს უწოდებენ. საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.