კონკურსი „მე ომბუდსმენი 2016“ დაიწყო!
2016 წლის 10 ოქტომბერს კონკურსი „მე ომბუდსმენი“ მეშვიდედ დაიწყო. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.
კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას.
კონკურსი შედგება სამი რაუნდისგან. პირველი და მეორე ტურები ტარდება ინტერნეტის საშუალებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდისwww.ombudsman.geქვედა მენიუში იხილეთ თავიმე–ომბუდსმენი, ხოლო მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის და რეგიონალურ ოფისებში.
პირველი რაუნდის ფარგლებში, 2-2 მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა არა უგვიანეს 2016 წლის 24 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე უნდა უპასუხოს 30 ტესტურ კითხვას; მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს გუნდი, რომელიც მინიმუმ 20 კითხვაზე გასცემს სწორ პასუხს.
მეორე რაუნდის მონაწილე გუნდებმა შედარებით რთულ 30 ტესტურ კითხვას 14 ნოემბრამდე უნდა გასცენ პასუხი. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი. ფინალში გუნდებმა უნდა მოამზადონ წერილობითი დასკვნა სამოდელო ამოცანაზე, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს.
მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება 24 ნოემბერს.ფინალისტები გამოცხადდებიან დათქმულ დროს და ადგილას (ამის შესახებ მოხდება ფინალში მონაწილე გუნდების წინასწარ ინფორმირება).
კონკურსში მონაწილე გუნდებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს.
ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურა სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული კონკურსი ამ კულტურის გავრცელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება.