კონკურსი „მე ომბუდსმენი 2013“ დასრულდა
2014 წლის 10 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოში სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ბატონმა თომას ჰამარბერგმა კონკურსის „მე ომბუდსმენი 2013“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.
სახალხო დამცველმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ კონკურსი „მე - ომბუდსმენი“ მნიშვნელოვნად ამაღლებს ახალგაზრდა თაობის ცოდნას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
კონკურსში „მე-ომბუდსმენი 2013“ პირველი ადგილი ფოთის #15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგი წურწუმიამ და ნათია ინაძემ დაიკავეს (გუნდი „მეგნათი“); მეორე ადგილზე გავიდნენ მარიამ ფირცხალაიშვილი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლისა და ხატია ზუხუბაია, ბათუმის #16 საჯარო სკოლის მოსწავლეები (გუნდი „ინდიგო“). მესამე ადგილი სამტრედიის #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეონა ზაქარეიშვილმა და ალეკო კაცაძემ მოიპოვეს (გუდი „law and we“). გამარჯვებულებმა კომპიუტერული კომპანია „ალტას“ სასაჩუქრე ბარათები მიიღეს.
კონკურსი დაფუძნებული იყო ქსელურ ტექნოლოგიაზე და განხორციელდა ინტერნეტის საშუალებით. წელს ღონისძიებაზე მოწვეული იყო ამ კონკურსის ინიციატორი არჩილ თალაკვაძე. კონკურსი „მე ომბუდსმენი“ 2013 წელს მეოთხედ გაიმართა.
საინფორმაციო კამპანია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. სკოლებში გავრცელდა პლაკატები, ინფორმაცია გავრცელდა ასევე ბეჭდური და ელექტრონული მედიით. 30 სექტემბერს დაიწყო 1 ტური და გუნდების რეგისტრაცია. პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 466 გუნდმა - 932 მოსწავლემ. მეორე რაუნდში 27 გუნდი - 54 მოსწავლე გადავიდა. ხოლო მესამე, საფინალო რაუნდში 10 გუნდი და შესაბამისად 20 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 4 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
ფინალში მონაწილე მარიამ ნანობაშვილმა, ლაშა მთვრალაშვილმა, მიხეილ სტეფანიამ, გიორგი ლიპარტელიანმა, ანი ლალიაშვილმა, სალომე წერეთელმა, ლუკა პანაიოტიმ, ლიკა გაბისონიამ, ხატია უგულავამ, მიხეილ ბებიამ, სალომე კვატიძემ, ნატა ბერაიამ, გიგა მუშუქიამ და ილია მელიქიამ სერტრიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.
„მე ომბუდსმენი“ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში ომბუდსმენს სახალხო დამცველს უწოდებენ.
საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.
მრავალი მცდელობის მიუხედავად, ადამიანის უფლებების დარღვევა გლობალურ პრობლემად რჩება. სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას, სხვა მექანიზმებთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურის არსებობა წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიერ ორგანიზებული ღონისძიება ამ კულტურის გავრცელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება.