კონკურსი „მე ომბუდსმენი 2012“ დასრულდა
2013 წლის 11 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონმა ფილიპ დიმიტროვმა კონკურსის „მე ომბუდსმენი 2012“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.
კონკურსში „მე–ომბუდსმენი 2012“ პირველი ადგილი დაიკავეს საერო სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებმა, ძმებმა თორნიკე და ტატო გურგენიძეებმა, მეორე ადგილზე გავიდნენ მერი ჯულაყიძე (თბილისის 178-ე საჯარო სკოლა) და ნინო შონია (საერო სკოლა „ოპიზა“). მესამე ადგილი კი წილად ხვდათ ქეთევან ზუკაკიშვილს (თბილისის 21-ე საჯარო სკოლა) და მარიამ ნანობაშვილს (სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საჯარო სკოლა).
„მე ომბუდსმენი“ არის სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი (ინგ.:Ombudsman) არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ.: საქართველო, ესპანეთი და სხვა) ომბუდსმენს უწოდებენ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. სიტყვა "ომბუდსმენი" ძველი ნორვეგიული ტერმინია და მომდინარეობს სიტყვისგან "umbuðsmann" რაც "წარმომადგენელს" ნიშნავს.
საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ამკვიდრებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დახმარებოდნენ ერებს იმ ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობაში, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას. მრავალი მცდელობის მიუხედავად ადამიანის უფლებების დარღვევა გლობალურ პრობლემად რჩება. სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ–ერთ ძირითად წინაპირობას, სხვა მექანიზმებთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურის არსებობა წარმოადგენს. ჩვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიება ამ კულტურის გავრცელების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით. კონკურსი დაფუძნებული იყო ქსელურ ტექნოლოგიაზე და განხორციელდა ინტერნეტის საშუალებით.
2012 წლის სექტემბერში დაიწყო საინფორმაციო კამპანია – სკოლებში გავრცელდა პლაკატები, რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიით გავრცელდა ინფორმაცია. 2012 წლის 30 სექტემბერს დაიწყო 1 ტური და გუნდების რეგისტრაცია. 2012 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა 340 გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აქედან 86,5 % რეგიონებიდან (მათ შორის მაღალმთიანი). ტურის შედეგად 340 გუნდიდან 32-მა გადალახა ბარიერი. 2012 წლის 1 ნოემბერს დაიწყო 2 ტური რომლის შედეგადაც 32 გუნდიდან გამოვლინდა 10 ფინალისტი გუნდი.
2013 წლის 8 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზსა და სახალხო დამცველის ქუთაისის რეგიონალურ ოფისში გაიმართა ფინალური რაუნდი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.
ფინალური რაუნდის ნაშრომები შეაფასა 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ.
* * *
2012 წელს კონკურსისთვის დარეგისტრირდა სულ 340 გუნდი. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი იღებდა:
თბილისი – 45 გუნდი
იმერეთი – 104 გუნდი
შიდა ქართლი – 53 გუნდი
კახეთი – 28 გუნდი
აჭარა – 28 გუნდი
გურია – 7 გუნდი
სამეგრელო - ზემო სვანეთი – 41 გუნდი
ქვემო ქართლი – 20 გუნდი
სამცხე–ჯავახეთი – 5 გუნდი
რაჭა–ლეჩხუმი – 4 გუნდი
მცხეთა–მთიანეთი – 5 გუნდი
თბილისი – 13, 5% და რეგიონები 86,5 %.
* * *
პირველ ადგილზე გასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ პერსონალური კომპიუტერები, მეორე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ ქსელური წიგნები, მესამე ადგილზე გასულებს – ფოტოაპარატები. ასევე წიგნები და სერტიფიკატები.
დანარჩენ ექვს გუნდს გადაეცემა სერტიფიკატები კონკურსში მონაწილეობისთვის, ასევე ორ–ორი წიგნი, ბუკლეტები და სუვენირები.
* * *
კონკურსი „მე ომბუდსმენი“ 2012 წელს მესამედ გაიმართა.
2010 წლის აპრილ–მაისში კომპანია „პიქსელმა“ სახალხო დამცველის დაკვეთით დაამზადა სპეციალური პროგრამული მოდული კონკურსის ჩასატარებლად, რომელიც ინტეგრირებულია სახალხო დამცველის ვებ–გვერდში.
2010 წელს აპრილ–მაისში კომპანია „პიქსელმა“ სახალხო დამცველის დაკვეთით დაამზადა სპეციალური პროგრამული მოდული კონკურსის ჩასატარებლად, რომელიც ინტეგრირებულია სახალხო დამცველის ვებ–გვერდში.
კონკურსში „მე ომბუდსმენი 2010“ მონაწილეობდა 700-მდე გუნდი. კონკურსის სამივე საპრიზო ადგილი იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. პირველ ადგილი დაიკავეს ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ანა კლდიაშვილმა და ირენა ბაბუნაშვილმა, მეორე ადგილზეც ქუთაისელი მოსწავლეები გავიდნენ, კერძოდ 37–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მერი ჩაჩავა და მარი კუხიანიძე, მესამე ადგილი კი წილად ხვდათ საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ირმა ჭიღლაძეს და გვანცა ცუხიშვილს.
კონკურსში „მე-ომბუდსმენი 2011“ მონაწილეობდა 329 გუნდი. კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს თბილისის 112–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: თინათინ ასლამაზიშვილმა და თამარ ნოზაძემ, მეორე ადგილზეც თბილისელი მოსწავლეები გავიდნენ, კერძოდ 173–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკატერინე ჯანიაშვილი და დიანა ენდელაძე, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ორ გუნდს, სურამის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოფიკო ხაჩიძეს და ეკა გოგოლაძეს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კახა და გიორგი ბრეგვაძეებს.