ახალი ამბები

კონკურსი ჟურნალისტებისთვის „კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“

2015 წლის 6 მაისს სახალხო დამცველმა კონკურსში „კონფლიქტები და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“ გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

კონკურსი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისებას და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებზე დისკუსიის ინიცირებას ისახავდა მიზნად.

კონკურსის თემები იყო: კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა; მოქმედი სოციალური პროექტების შესაბამისობა მოსახლეობის საჭიროებებთან; გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა დასაქმების, ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა; უსაფრთხოებისა და გადაადგილების პრობლემები; კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანი გზები და მეთოდები; ხალხთა შორის ურთიერთობები, დიალოგი და ნდობის აღდგენა, როგორც კონფლიქტის დარეგულირების გზა.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ პირველი ადგილი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ჟურნალისტს მზევინარ ხუციშვილს მიაკუთვნა ბლოგისთვის – „ПОСТОЯННЫЕ ГОСТИ ДЕТСКОГО САДА“;

მეორე ადგილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გოგიტა აფციაურს ერგო რადიო სიუჟეტისთვის – „ახალი წელი ზარდიაანთკარში“;

მესამე ადგილი „რუსთავი 2–ის“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა დაიმსახურა სიუჟეტისთვის, რომელიც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს საფლავების მონახულების პრობლემას ასახავდა.

„კონფლიქტები სპონტანურად არ იწყება. მათ, როგორც წესი, გრძელი ისტორია აქვთ. თუმცა კიდევ უფრო გრძელი და რთული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და ტრანსფორმაციაა. ამ პროცესებს არაერთი მონაწილე ჰყავს, მაგრამ მედიის როლი განსაკუთრებულია. სწორედ იმიტომ, ჩემი სურვილია მედია იყოს მშვიდობის, ტოლერანტობის, ემპათიისა და დემოკრატიის ინსტრუმენტი. პასუხისმგებლიანი მედია არა მხოლოდ გადმოგვცემს ფაქტებს, არამედ გვთავაზობს ამა თუ იმ მოვლენის ამომწურავ და სიღრმისეულ ანალიზს. მედიის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც ელვის უსწრაფესად ვითარდება მოვლენები, ხშირად ადგილი არ რჩება მათთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს ყურადღებას. კონკურსით სახალხო დამცველს და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, გვსურდა, მხარი დაგვეჭირა მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც არ უშინდებიან ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებას და ხელს უწყობენ კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას,“ – განაცხადა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

გასულ წელს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ომბუდსმენის აპარატმა გამყოფი ხაზის სოფლებში 100–მდე მონიტორინგი განახორციელა, კონსულტაცია გაუწია 500–მდე კონფლიქტით დაზარალებულ პირს, გამოსცა 3 სპეციალური ანგარიში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების თაობაზე, რომლებიც ვრცლად აისახა 2014 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატი ასევე, ჩართულია ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსურ არაფორმალურ დიალოგში.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)