კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია
2017 წლის 8 ივნისს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციის გახსნაზე გამყოფი ხაზის სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სოციალური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილა, ასევე წარმოადგინა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციები.
2016 წელს ოკუპირებულ და აგრეთვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მკვლელობების, დაკავებების და გაუჩინარების ფაქტები დაფიქსირდა. ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეწია და მოკლა მოქალაქე გ.ო., დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, გამყოფი ხაზზე გაუჩინარებული მოქალაქე ნ.ს. ამ შემთხვევების ირგვლივ გამართული ამაო მოლაპარაკებები ნათლად წარმოაჩენს მხარეთა შორის რეალური თანამშრომლობის არარსებობას, რაც აჭიანურებს გამოძიებას და აფერხებს სიმართლის დადგენას.
ადგილობრივთა რეგულარული დაკავებები კვლავ შემაშფოთებელია. 2016 წელს შიდა ქართლის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა 134-ს შეადგენდა, მათ შორის 14 ქალი და 8 არასრულწლოვანია. 2016 წელს დაკავებულ მოქალაქე გ.გ.-ს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ. ჯამში, 2011-2016 წლებში შიდა ქართლის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა საერთო რაოდენობა კი 826 შეადგენს.
აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა ზუსტი ოდენობა უცნობია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს მათ 193 დაკავების შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის 18 ქალის და 13 არასრულწლოვნის. თუმცა, ეს მონაცემი დაკავებულთა რეალური რაოდენობის მხოლოდ 5-10%-ია. რუსეთის სასაზღვრო ძალების ცნობით, 2009-2016 წლებში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მათ 14000 პირი დააკავეს.
მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისა, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონების გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობა ჯერ ისევ მწვავედ განიცდის ომისგან მიყენებულ ზიანს. მთავარ პრობლემად შემოსავლის წყაროს მოძიება რჩება.
მოუგვარებელი კონფლიქტი და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება განსაკუთრებულად მძიმე გავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე. შემაშფოთებელია აფხაზეთის გამყოფ ხაზზე ბავშვების, მათ შორის ჩვილების და მათი მშობლების დაკავების ფაქტები. 2016 წელს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა არაერთი შემთხვევა, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებზე ადგილი ჰქონდა დაკავებულების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას, საკვებისა და სასმელი წყლის შეზღუდვის ფაქტებს.
მისასალმებელია, რომ 2016 წელს შესაძლებელი გახდა შეთანხმება 18 პატიმრის გასათავისუფლებლად. 4 პირი გაათავისუფლა ქართულმა მხარემ, 10 სოხუმის და 4 ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებმა. ამ საკითხს სახალხო დამცველი 2014 წლიდან აყენებდა და შესაბამისად, დადებითად შეაფასა საქართველოს და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის დაწყებული დიალოგი.
2016 წელს ასევე დადებითი მოვლენა იყო 4 წლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენა. თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაბრკოლებები. ასევე მცირეა იმ საერთაშორისო დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც გააძლიერებდნენ აფხაზურ და ოსურ სამოქალაქო საზოგადოებას. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მას აკისრია პოზიტიური ვალდებულება, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ დიპლომატიური გზით, ზემოქმედება მოახდინოს იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავრობის პოლიტიკა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და ოკუპირებული რეგიონების ჩართვას საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამისათვის საჭიროა მთავრობამ შეიმუშაოს კოორდინირებული, მოქნილი და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული მექანიზმები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე.
სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია