კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების აღდგენის თაობაზე 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
2015 წლის საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აკვირდებოდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თემებში, რის შედეგადაც გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი შეღავათები, მათ შორის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება და ა.შ. თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათი უფლებების რეალიზაციისა და კონფლიქტებით დაზარალებული საზოგადოებების განვითარებისა და დეიზოლაციისათვის.
საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ახორციელებს ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაგანაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ უნდა ჩაითვალოს. ეს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრთ მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება. თუმცა, პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირების მიერ ამ პროგრამით სარგებლობა (ასეთი კი ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობაა). სახალხო დამცველმა 2014 წელს წინადადებით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, შეიმუშაოს ერთგვაროვანი მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ყველა პირის მიმართ. რეკომენდაცია ჯერ არ შესრულებულა.
სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება სრულად, თუ დასტურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ცხოვრება. 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახალხო დამცველი მოუწოდებს პრემიერ მინისტრს დაავალოს შესაბამის სტრუქტურებს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს) შეიმუშაონ მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე და სავალდებულო ხასიათი მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის მიმართ ერთგვაროვან პრაქტიკას, მიუხედავად მოქალაქეობისა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სოციალური სერვისებით სარგებლობისთვის, უმეტეს შემთხვევაში, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმეტესობას არ გააჩნია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ შეასრულა სახალხო დამცველის 2014 წლის რეკომენდაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის რიგ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე. სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა წრე გაიზარდა და მოიცავს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს, ასევე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს. ეს ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია და დადებითად უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ფარავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დიდ ნაწილს.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 28 იანვარს წინადადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს ცვლილება შესულიყო შესაბამის დადგენილებაში, რათა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებმა პირადობის ნეიტრალური მოწმობის მეშვეობით შეძლონ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა.2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვისათვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ქონაა საჭირო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უარი თქვა პროგრამით მოსარგებლეებში რაიმე სახის ცვლილების შეტანაზე, მედიკამენტების უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე.
2016 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას პატიმართა გათავისუფლების თაობაზე პრინციპით - „ყველა ყველაზე“. ამ ნაბიჯის გადადგმით შესაძლებელი გახდა იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც წლებია უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის დაწყებულ დიალოგს პატიმართა გათავისუფლების საკითხზე, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. მნიშვნელოვანი ინიციატივების მიუხედავად, სახალხო დამცველის დაკვირვებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხშირად მოუქნელი და დროში გაწელილია, რისი მიზეზიც სხვადასხვა სტრუქტურებს შორის შეუთანხმებლობა და ერთიანი პოზიციის არარსებობა.
ერთიანი კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა ნიშნავს კონფლიქტების მოგვარების ისეთ პოლიტიკას, სადაც ყველა სტრუქტურას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლება კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციისა და სირთულეების გაანალიზება, გათვალისწინება და მოსახლეობის უფლებების დასაცავად შესაბამისი, მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ამავე დროს მთავრობის წევრების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს.