ახალი ამბები

კონფერენცია - საქართველოს პროგრესი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით

2019 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა შეაჯამეს, საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაზე - მიღწევებზე, გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. სახალხო დამცველმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ვისურვებდი ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებში მეტი ადგილი დაეთმოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე მითითებას და გეგმაში ასახული ამოცანების მიღწევის შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად სახალხო დამცველის შეფასებები და ანგარიშები განიხილებოდეს. ასევე, კარგი იქნება თუ მომავალში სამთავრობო სამოქმედო გეგმებში რეფერირება მოხდება პარლამენტის ყოველწლიურ დადგენილებაზე, რომლითაც პარლამენტი იზიარებს სახალხო დამცველის რიგ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს დადგენილებაში შესული რეკომენდაციების შესრულებას ავალებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში.

სახალხო დამცველმა ისაუბრა იმ წინსვლაზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ბაზის დახვეწის კუთხით, თუმცა, ხაზი გაუსვა არსებული სამართლებრივი ნორმების პრაქტიკული განხორციელების ხარვეზებს. ასევე, მნიშვნელოვანად მიიჩნია, ადამიანის უფლებათა საკოორდინაციო უწყებათშორისმა საბჭომ შეისწავლოს, თუ რატომ ვერ შესრულდა წინა წლების სამოქმედო გეგმებით აღებული ვალდებულებები, რის გამოც 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი, წინა წლების სამოქმედო გეგმებში ასახულ ნაწილს იმეორებს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)