კონფერენცია – „სასამართლოს მეგობარი“, როგორც ეფექტური სახელმძღვანელო მექანიზმი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ეროვნული სასამართლოებისთვის
2016 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „სასამართლოს მეგობარი“, როგორც ეფექტური სახელმძღვანელო მექანიზმი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ეროვნული სასამართლოებისთვის.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის აპარატის, როგორც „სასამართლოს მეგობრის“ როლისა და მესამე მხარის ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმას საქართველოს სამართალწარმოებაში.
ღონისძიებაზე ადამიანის უფლებათა დაცვაში ჩართული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკები განიხილეს.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის ოფისის მიერ სასამართლოს მეგობრის ინსტრუმენტის გამოყენებისას არსებული გამოწვევები და გამოცდილება განიხილა; ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს წინაშე მესამე მხარის ინტერვენცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს მხრიდან ნონა წოწორიამ წარმოადგინა; სასამართლოს მეგობრის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში განხორციელების შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა ისაუბრა.
დებატებსა და სესიებზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. სახალხო დამცველის ოფისის როლი სასამართლო პროცესებზე, მესამე მხარის ჩართულობისთვის აუცილებელი იურიდიული და ტექნიკური ბაზა;
2. დისკრიმინაციის საქმეებზე დავების განხილვის პროცესში სახალხო დამცველის ოფისის მიერ „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენებისთვის საჭირო პროცედურული წესების ნაკლებობა - საკანონმდებლო ხარვეზები;
3. საერთო სასამართლოებში საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან წვდომის მნიშვნელობა „სასამართლოს მეგობრის“ განაცხადის წარდგენამდე და პროცესის მიმდინარეობის დროს;
4. სასამართლოს წარმოებაში, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრების წარდგენისთვის, არსებული საქმეების იდენტიფიცირების სათანადო წესის ჩამოყალიბების აუცილებლობა;
5. წარდგენილი განაცხადის ეფექტიანობის შესახებ პროცესის მიმდინარეობის დროს ინფორმირებულობისა და განაცხადის წარმატების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
კონფერენციას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპის საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლები.
ღონისძიება ევროსაბჭოს პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება.