კომუნიკაცია ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
კომუნიკაცია ეხმიანება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2023 წლის ივნისის გადაწყვეტილებას, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმებს და აფასებს მთავრობის მიერ ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მიზნით გატარებულ ზოგად ღონისძიებებს.
კომუნიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები:
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გაუმჯობესების საჭიროება,
- სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის არასწორი კვალიფიცირება,
- არასათანადო მოპყრობის შემთხვევების შეტყობინება და გამოვლენა, პენიტენციურ დაწესებულებებში სატელეფონო კომუნიკაციის მხრივ არსებული დაბრკოლებები,
- პენიტენციური კოდექსის ხარვეზები,
- სამართალდამცავთა მიერ ვიდეოგადაღებისა და პოლიციის დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების უზრუნველყოფის საკითხი,
- პრეზიდენტის შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტთან,
- დაკავებების დოკუმენტირების პრობლემური პრაქტიკა,
- ხელბორკილების გამოყენება პენიტენციურ დაწესებულებებში,
- არაფორმალური მმართველობა პენიტენციურ დაწესებულებებში,
- დეესკალაციის ოთახებში პატიმართა მოთავსების პრაქტიკა და რეგულაცია
- ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის ხარვეზები.
კომუნიკაციაში ასევე, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ხელშესაწყობად გაცემულია რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის.