ახალი ამბები

ხანდაზმულთა დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში

2025 წლის ივნისში საქართველოს სახალხო დამცველმა ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის რვა სხვადასხვა ტიპის დაწესებულების მონიტორინგი ჩაატარა, რაც მიზნად ისახავდა იმ გარემო პირობებისა და სისტემური პრაქტიკის შეფასებას, რომელიც გავლენას ახდენს ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობასა და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაცვაზე.

დაწესებულებები შეირჩა სხვადასხვა ტიპის (სახელმწიფო, სათემო, კერძო) და რეგიონული განაწილების გათვალისწინებით. მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა სპეციალური ანგარიში, რომელშიც ასახულია როგორც აღნიშნულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, ასევე ის სისტემური გამოწვევები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი რჩება.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სისტემურად კვლავ არ აღირიცხება და არ კონტროლდება კერძო დაფინანსების ფარგლებში მოქმედი ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები, რის გამოც სახელმწიფოს არ გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.

დადგინდა, რომ ზრუნვის პრაქტიკაში დომინირებს სამედიცინო მოდელი, რაც ზღუდავს ხანდაზმულთა ავტონომიასა და აქტიურ მონაწილეობას ზრუნვის პროცესში და ზრდის მათი სოციალური იზოლაციის რისკს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან მწოლიარე და თვითმოვლის უნარის არმქონე ხანდაზმულები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოკლებულნი არიან გადაადგილების, გასეირნებისა და სათანადო ჰიგიენური თვითზრუნვის შესაძლებლობას.

ანგარიში ასევე მიუთითებს პერსონალის არასაკმარის კვალიფიკაციაზე, ინდივიდუალური ზრუნვის გეგმების ფორმალურ ხასიათზე, სოციალური აქტივობების ნაკლებობასა და უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობაზე. რიგ შემთხვევებში გამოვლინდა შიშზე დაფუძნებული დამოკიდებულებები პერსონალსა და ბენეფიციარებს შორის.

ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე სერვისის მიმწოდებლების მიმართ, რაც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა ზრუნვის სისტემის გაუმჯობესებას, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერებას და ღირსეული ცხოვრების სტანდარტების უზრუნველყოფას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)