ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის
2024 წლის 2-3 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სოფიო რუსეცკიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სტრატეგიულ შეხვედრაში, რომელიც ქალაქ კიშინიოვში (მოლდოვის რესპუბლიკაში) გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ამ ქვეყნებში მოქმედი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისებისა და დანიის სამეფოს საელჩოების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მათ ქვეყნებში გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული პროგრესი და გამოწვევები, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში - მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პარტნიორობის გაგრძელებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ვალდებულებების შესრულების შესახებ გამოცდილების გაზიარების საკითხები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სოფიო რუსეცკიმ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ინსტრუმენტზე; ასევე, დამსწრეთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული კვლევების ძირითადი მიგნებები გააცნო, რომელიც ეხებოდა დევნილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობას. ხაზი გაუსვა ქალთა კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ჩართულობისა და უწყებების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
ღონისძიება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისები ახორციელებენ.