ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

2016 წლის 11–16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

11 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა.

სახალხო დამცველის ერთ–ერთი რეკომენდაცია გულისხმობდა: საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების წესში ცვლილებების შეტანას, რაც სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ სასამართლო მზად არ არის საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დასანერგად და ამჯერად ხელისშემშლელი მიზეზების განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ჩართულ უწყებთან მსჯელობა მიმდინარეობს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის განხილვა დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს. ასევე, სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების წესის შეცვლისთვის საჭირო ტექნიკური ცვლილები.

სახალხო დამცველის მეორე რეკომენდაცია: შეიმუშაოს სამართლებრივიმექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის არსებული წესის შეცვლით დაზარალებულის სრულ რეაბილიტაციას, სამართალწარმოების პროცესში დაშვებული დარღვევის გამოვლენას და სასამართლო შეცდომის გამოსწორების გამართული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას.

ბარამიძემ განცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო საქმიანობის გეგმით, საქართველოს პარლამენტისათვის 2016 წლის განმავლობაში წარსადგენ კანონპროექტთა შორის, უკვე გათვალისწინებული აქვს რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტის მომზადება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას 1 – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისა და 2 – ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის უფლებისთვის სპეციალური საფუძვლების დამატების შესახებ. აქვე, მინისტრის მოადგილემ საქართველოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნასა და მის წარმატებებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველმა რეკომენდაცია მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებულად ჩათვალა, ვინაიდან მიაჩნია, რომ კანონიერი განაჩენის გადახედვის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან ბევრად მეტის მოლოდინია, რასაც პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტის მუშაობა ვერ დააკმაყოფილებს.

მესამე რეკომენდაცია ეხებოდა „დედობის დაცვის შესახებ“ კონვენციის გადასინჯვის თაობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის ხელმოწერისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას მისი შემდგომი რატიფიცირების მიზნით, აგრეთვე, კონვენციის განხილვის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველყოფას.

იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ „დედობის დაცვის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაციის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს სამთავრობო პროგრამისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის ჭრილში. „დღეს ამ რეკომენდაციის შესრულება ჩვენს არ შეგვიძლია“, განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა მესამე რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩათვალა. ამ საკითხმა მცირე კამათი გამოიწვია. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი რეკომენდაციას 2013 წლიდან აყენებს რეკომენდაციაში წამოჭრილ პრობლემას, რომელიც არა ეკონომიკური, არამედ უფლებრივ საკითხს წარმოადგენს და მისი გადაჭრა სწორედ იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა.

11.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)