ახალი ამბები

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

­­­­­2002 წლიდან მსოფლიოში 28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი უფლების რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საქართველოს სახალხო დამცველი უკვე წლებია მსჯელობს თავის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეა და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების როგორც გამჭვირვალობას, ისე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. ამასთან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია სხვა არაერთი უფლების დაცვის წინაპირობაა.

სახალხო დამცველის შეფასებით, დღესდღეობით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების მთავარ დაბრკოლებას მოძველებული კანონმდებლობა და მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებაზე ეფექტური საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობა წარმოადგენს.[1] დღეს მოქმედი საკანონმდებლო სივრცე არ იძლევა უფლების მოკლე დროში ეფექტურად დაცვის შესაძლებლობას და მართლმსაჯულების ორგანოში საქმის განხილვის ხანგრძლივი პერიოდი საჯარო ინფორმაციას იმ ძირითად ღირებულებას უკარგავს, რაც შესაძლოა გადამწყვეტი იყოს დაინტერესებული პირისთვის.

ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულად განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები; ასევე, მოხდეს „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირება, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც უარი უთხრეს საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს გასაჩივრების სწრაფი და იაფი პროცედურა.


[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, გვ. 250-252.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)