ახალი ამბები

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა

2016 წლის 21 ივნისს გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა და გასულ წელს განხორციელებული ცვლილებების, არსებული პრობლემებისა და სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის თავის წარდგენისას სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მერი კოჭლამაზაშვილმა მიმოიხილა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, მათ შორის 700-ზე მეტი ვიზიტი დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და 900-ზე მეტ დევნილისთვის გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია.

მონიტორინგმა და ინდივიდუალური განცხადებების შესწავლამ ცხადყო, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდესი ნაწილისთვის მძიმე საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ფართის არქონა კვლავ უმთავრესი პრობლემაა. პრობლემად რჩება დევნილთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი - იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

საქართველოს კონფლიქტური რეგიონების გამყოფი ხაზის მიმდებარე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში სახალხო დამცველის მთავარმა მრჩეველმა მედეა ტურაშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებული შიდა ქართლისა და სამეგრელოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლის წყაროს ძიების სირთულეებზე, განხორციელებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებზე.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობის ნაწილს, დაზიანებული სახლებისა თუ დაკარგული ქონებისათვის სახელმწიფოსაგან დახმარება არ მიუღია.

საოკუპაციო ხაზებზე კვლავ გრძელდება საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების მანკიერი პრაქტიკა. პრობლემურია გამყოფ ხაზებზე დაწესებული გადაადგილების რეგულაციები. აფხაზეთის მკვიდრთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მხოლოდ აფხაზური პასპორტების საშუალებითა და გამშვები პუნქტების მეშვეობით შეუძლიათ, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრთათვის გამყოფი ხაზი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სრულიად ჩაკეტილია.

გალის რაიონში მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა. დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო წლიდან დარჩენილი ქართული სკოლების 1-4 კლასებმა სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო, ხოლო დანარჩენ კლასებში კი შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები. ამასთანავე, ყოველი მომდევნო პირველი კლასი ასევე რუსულ ენაზე დაიწყებს სწავლას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი.

პრეზენტაციების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.



იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 21.06.16 Rights Situation of IDPs and Conflict-affected Citizens

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)