ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე
2018 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა და საერთაშორისო ფონდმა „ლეამ“ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს თემაზე „ჰოლოკოსტის შესახებ განათლება - ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“.
ჰოლოკოსტის ხსოვნის დღედ 27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2005 წელს, 42-ე პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა, რადგან 1945 წლის ამ დღეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა.
„ჰოლოკოსტის დღის აღნიშვნა მუდმივად შეგვახსენებს, რამხელა მასშტაბის ტრაგედიამდე შეიძლება მიიყვანოს კაცობრიობა ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობამ. ამიტომ უნდა გავიაზროთ ისტორიული რეალობა და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ განსხვავებულისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება დაგვეხმარება მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ასევე მომავალი კონფლიქტის თავიდან აცილებაში“. – განაცხადა ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა.
ასევე ნინო ლომჯარიამ თანასწორობის მექანიზმის ფუნქციაზე ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველს ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის უზრუნველყოფას აკისრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით აპარატში ყოველთვიურად ათეულებით საჩივარი შემოდის.
სიტყვით გამოვიდნენ ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ფონდ „ლეას“ ხელმძღვანელი მარინა სოლომონიშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ებრაული თემის წარმომადგენელი.
დამსწრე საზოგადოების, სტუდენტების, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლების წინაშე ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა ლექცია ებრაული წარმოშობის იტალიელი მწერლის პრიმო ლევის საკონცენტრაციო ბანაკში მიღებული გამოცდილების შესახებ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გამართული ღონისძიების მხარდამჭერი იყო აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).