ახალი ამბები

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე

2017 წლის 27 იანვარს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს სახალხო დამცველმა და საერთაშორისო ფონდმა „ლეამ“ ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრები.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, იდეოლოგიური იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობების, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნის გამო დამნაშავეებად შეირაცხნენ და ნაცისტური ჯოჯოხეთის მსხვერპლნი გახდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ განგაშს უნდა ვტეხდეთ ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციის სულ მცირე გამოვლინებაზეც კი, რათა ამ ბოროტებამ კვლავაც არ მოიკრიბოს ძალა, მასობრივ ტენდენციად და არნახული განადგურების იარაღად არ იქცეს. დღეს, კონფლიქტებით აღსავსე მსოფლიოში, რომლის ერთ–ერთ ცენტრალურ პრობლემას ტერორიზმი, ფუნდამენტალიზმი და ეთნიკური ნაციონალიზმის აღზევება წარმოადგენს, ბრძოლა ანტისემიტიზმსა და ქსენოფობიის გამოვლინებებთან, აქტუალურია ისე, როგორც არასდროს“ - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ფონდ „ლეას“ ხელმძღვანელმა მარინე სოლომონიშვილმა, ისრაელის საელჩოს კონსულმა ადელ ნინომ, პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა. ღონისძიების დასასრულს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენებლად ლოცვა წაიკითხეს მთავარმა რაბინმა ავი მელეხ როზენბლატმა და რაბინმა ბესიონ იზრაელიშვილმა; მონაწილეებმა დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშისა და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას.

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმადგამოაცხადა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

27.01.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)