ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღე
27 იანვარს ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.
2021 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ევროპის საბჭოს ოფისის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჰოლოკოსტის ისტორიული გზა და მისი შედეგები განიხილეს, ანტისემიტიზმის თითოეული გამოვლინების დაგმობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ქართველი და ებრაელი ხალხების თანაცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები გაიხსენეს.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი.
ონლაინ ღონისძიებაზე მოხსენებები წაიკითხეს ფონდ „ლეას“ ხელმძღვანელმა მარინა სოლომონიშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა სოფიო ზვიადაძემ და კულტურის კვლევათა ინსტიტუტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კაკიტელაშვილმა. მოდერაცია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა გასწია.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონაწილეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, ანიტისემიტური დამოკიდებულებების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და მრავალფეროვან სამყაროში განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრების სიკეთეებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აკადემიური წრეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, იეჰოვას მოწმეების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელდა გენოციდი. ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ 2005 წელს გამოაცხადა და სახელმწიფოებს ჰოლოკოსტის დანაშაულზე ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობისკენ მოუწოდა.