„გურია ნიუსზე“ ჰაკერული შეტევა დროულად უნდა იქნას გამოძიებული
2017 წლის 21 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ მედიასაშუალება „გურია ნიუსის“ ვებგვერდი გაითიშა ჰაკერული თავდასხმის გამო, ხოლო განთავსებული ინფორმაცია წაიშალა. შსს–ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284–ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და 286–ე მუხლების (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) პირველი ნაწილებით. ამჟამად, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს „გურია ნიუსის“ ახალი ვებგვერდი.
მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებები, ჟურნალისტები შეუფერხებლად მუშაობდნენ. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების დროული და ეფექტური რეაგირება უკვე მომხდარ ფაქტზე და დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა. სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე ჰაკერული შეტევის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობას.