ღონისძიება ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
2017 წლის 21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელ იოჰანეს ფან დერ კლაუსთან ერთად საჯარო ლექცია გამართა, რომელზეც ლტოლვილთა შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა განიხილა.
საჯარო დებატების მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მილიონობით ადგილნაცვალი პირის, მათ შორის ლტოლვილთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებითა და კონფლიქტებით გამოწვეულ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა; მიმოიხილა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზები, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და შიდა მექანიზმები; ხაზი გაუსვა სახალხო დამცველისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ლექციის ბოლოს ნათია კაციტაძემ და იოჰანეს ფან დერ კლაუმ სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
* * *
20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2000 წლიდან, გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) გენერალური ასამბლეის N55/76 რეზოლუციის მიღების დღიდან აღინიშნება. მსოფლიო ლტოლვილთა დღის აღნიშვნა, მიზნად ისახავს ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლაა და ამ პროცესში ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან.