განცხადება სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით
2020 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელი აბანოს“ დირექტორს სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ შპს „ჭრელმა აბანომ“ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სახალხო დამცველის წინააღმდეგ და მოითხოვა სასამართლოს დაედგინა, რომ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია შპს „ჭრელ აბანოს“ არ განუხორციელებია.
გარდა ამისა, შპს „ჭრელი აბანოს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და რეკომენდაციაში მითითებული გარემოებების ხელახლა შესწავლა მოითხოვა.
განახლებული საქმისწარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სახალხო დამცველის ხელთ არსებული მასალები არ იძლევა სექსუალური შევიწროების დადგენის შესაძლებლობას, ვინაიდან გამოვლინდა მტკიცებულებები, რომელიც სადავო გარემოებების საპირისპიროა.
სექსუალური შევიწროების საქმეების შესწავლა საქმის ყველა გარემოების განსაკუთრებული სიფრთხილითა და პოზიციების ობიექტური ანალიზით უნდა მოხდეს. თუ სექსუალური შევიწროების არსებობა სათანადო მტკიცებულებებით და მაღალი დამაჯერებლობით არ იკვეთება, სექსუალური შევიწროება დადგენილად არ უნდა ჩაითვალოს.
შესაბამისად, საქმის ხელახალი შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება არ დაადგინოს სექსუალური შევიწროების ფაქტი და გააუქმოს 2020 წლის 27 თებერვლის რეკომენდაცია.