განცხადება სახალხო დამცველის აპარატის შენობასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიას სახალხო დამცველის აპარატის შენობის ქირის თაობაზე. სამწუხაროდ, აღნიშნულმა დისკუსიამ რიგ შემთხვევებში სახალხო დამცველის და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დისკრედიტაციის სახე შეიძინა და კავშირი არ აქვს აპარატის კონსტრუქციულ კრიტიკასთან. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება აღნიშნული პრობლემის შესახებ, გვსურს დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საკითხის გარშემო.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას მუშაობის სათანადო პირობები. შენობით უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი გარანტიაა ამ მიმართულებით. სახალხო დამცველის აპარატი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავარიულ შენობაში საქმიანობდა. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის და მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო აცხადებს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არ არსებობს ალტერნატიული ფართი, სადაც ოფისი უსასყიდლოდ შეძლებს ფუნქციონირებას.
„პარიზის პრინციპები“, რომელიც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სტატუსს შეეხება, დამოუკიდებლობის გარანტიების ნაწილში მიუთითებს, რომ „ეროვნულ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაბამისობაშია მისი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებასთან.
2018 წელს აპარატის მიმდებარედ დაწყებულმა ქუჩის გრძელვადიანმა სარეაბილიტაციო პროცესმა და მიწისძვრებით გამოწვეულმა ხშირმა ვიბრაციამ შენობა უფრო მეტად დააზიანა. ამასთან, შენობის 2 სართული ნახევრად მიწის ქვეშ იყო განთავსებული და თანამშრომელთა ნაწილს ჩაბნელებულ და ნესტიან გარემოში უწევდა მუშაობა, რამაც ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემაც კი შეუქმნა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მოსალოდნელი იყო შენობის დაზიანების ხარისხის გაზრდა და მასში საქმიანობის გაგრძელება საფრთხეს შეიცავდა. სწორედ ამ მდგომარეობის გამო, 2018 წელს მოგვიხდა რამდენიმე დღით ოფისის საქმიანობის შეჩერება. 2018 წლის აგვისტოდან აპარატი საქმიანობას დავით აღმაშენებლის გამზირზე აგრძელებს.
სახალხო დამცველის აპარატის თბილისის ოფისში 150-მდე თანამშრომელი მუშაობს. შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ისეთი შენობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ ამ რაოდენობის ადამიანთა ნორმალურ სამუშაო პირობებში განთავსებას (2000 კვადრატულ მეტრამდე შენობას), რომელსაც ექნება გათბობის და გაგრილების სისტემა, შეხვედრების ოთახი, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და ადგილმდებარეობა ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის.
იმ პირობებში, როდესაც მოგვიწია ოფისის დახურვა და აპარატი საქმიანობას თანამშრომელთა დისტანციური მუშაობით აგრძელებდა, 3 შესაძლო შენობა მოვიძიეთ, რომლებიც ყველა მინიმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, და მათ შორის ყველაზე იაფი შევარჩიეთ (მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ არ დასჭირდებოდა სარემონტო ხარჯების გაღება). აპარატმა საკმაოდ დიდი ენერგია და დრო დახარჯა ახალ შენობაში ინვენტარის გადასატანად, ელექტრონული ქსელის ასაწყობად, საკომუნიკაციო საშუალებების გასაყვანად. ოფისი ჯერ კიდევ უამრავი ყოფითი პრობლემის პარალელურად საქმიანობს.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატს ქირისთვის თანხა 2018 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადმოეცა, 2019 წლიდან კი ქირას აპარატი საკუთარი ბიუჯეტიდან იხდის.
სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოს არა აქვს საკუთარი შენობა და პერიოდულად ვდგებით ღია ცის ქვეშ დარჩენის რისკის ქვეშ. ასევე, გაუმართლებლად მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აპარატის ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხის 1/6, რაც უნდა მოხმარებოდა ჩვენი ინსტიტუტის შესაძლებლობების და საქმიანობის გაძლიერებას, ოფისის ქირაზე იხარჯება. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ აპარატმა არ შეწყვიტოს ფუნქციონირება და მომსახურება და დახმარება გაუწიოს ათი ათასობით მოქალაქეს, ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში მაქსიმალური ეკონომიის გაკეთება გვიწევს. არსებული საბიუჯეტო წელი ისე დაგეგმეთ, რომ თანამშრომელთა ხელფასების მინიმალური გაზრდაც ვერ მოვახერხეთ და მრავალ დაგეგმილ პროექტზე მოგვიწია უარის თქმა. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართებით დახმარების სურვილს გამოხატავენ. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება არის არა ჩვენი არჩევანი, არამედ ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ არსებული ერთდერთი გამოსავალი.
შენობის პრობლემის მოსაგვარებლად სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია სახელმწიფო უწყებებთან. განიხილება ყველა შესაძლებლობა: რომელიმე არსებული ფართი, ძველი შენობის რესტავრაცია, მიწის ნაკვეთის გადმოცემა და შენობის აშენება. ამ მიზნით სახელმწიფომ ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობა შემოგვთავაზა, რომლის ექსპერტიზაც ჩატარდა და სამწუხაროდ ავარიული აღმოჩნდა. ამავდროულად, მიმდინარე რეჟიმში განვიხილავთ რამდენიმე მიწის ნაკვეთის შეძენას და მასზე შენობის აშენების შესაძლებლობას (თითოეულ ნაკვეთთან მიმართებით ხდება საკითხის წინასწარ შესწავლა, რამდენად არის მშენებლობა ნებადართული, რამდენი კვადრატული შენობის აშენებაა შესაძლებელი, ხომ არ არსებობს მესამე პირთა პრეტენზიები აღნიშნულ ფართზე და ა.შ.).
უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, ასევე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, უახლოეს პერიოდში მოიწვიოს შესაბამისი კომიტეტის სხდომა, დაიბაროს პასუხისმგებელი პირები და მოითხოვოს ახსნა-განმარტება, თუ რა ნაბიჯები იდგმება სახალხო დამცველის აპარატის შენობით უზრუნველსაყოფად. ასევე აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან. სახალხო დამცველი მადლობას უხდის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას ამ პროცესში მხარდაჭერისა და ხელისუფლების წინაშე პრობლემის მწვავედ წარმოჩენისთვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ შექმნილი ვითარებას, რომელიც პირველ რიგში არის სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსური და ტექნიკური თვალსაზრისით დიდი ტვირთი, და ხშირ შემთხვევაში შეფერხების საგანიც, გარკვეული პირები არ გამოიყენებენ ისევ სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის დისკრედიტაციისათვის.