განცხადება ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს მორიგეობის შეცვლის დროს შახტის მე-6 უბნის ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბნის ცვლის უფროსი თ. კ. გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების ეფექტური მონიტორინგი განხორციელდება.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი შრომის ინსპექციის მეშვეობით, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. აუცილებელია საქართველოს მთავრობამ დაიწყოს შრომის უფლების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.
სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან დასაქმებული ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და ის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.