განცხადება მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა და ის ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. სახალხო დამცველი და მისი აპარატი უერთდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.
2016 წლის მშვიდობის დღის თემაა „მდგრადი განვითარების მიზნები: მშვიდობის მშენებლობის საწინდარი“, რომელის მიზანიცაა წარმოაჩინოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა მშვიდობის დამყარებაში. მდგრადი განვითარება თავის მხრივ მოიცავს სოციალური და გენდერული თანასწორობისკენ, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლებისკენ, სიღარიბის შემცირებასა და გარემოს დაცვისაკენ სახელმწიფოების მუდმივ სწრაფვას.
თანამედროვე მსოფლიო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას როგორიცაა, სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია. ეს ყველაფერი საუკეთესო ნიადაგია სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისათვის და საფრთხეს უქმნის მშვიდობას. სწორედ კონფლიქტების ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ეძღვნება 2016 წლის მშვიდობის საერთაშორისო დღე.
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის უფლებების დაცვა წარმოადგენს; კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა კი კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.
ამ დღის აღსანიშნავად, სახალხო დამცველი უმასპინძლებს კონფერენციას ზუგდიდში, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს შეეხება, სადაც იგი მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას სრული ძალისხმევა გამოიყენოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად, რაც ქვეყანაში მშვიდობის წინაპირობა იქნება.