ახალი ამბები

გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოს სახალხო დამცველს მხარდაჭერა გამოუცხადა

2021 წლის 11 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედ ხელმძღვანელს ანნა ჩერნიშოვას შეხვდა და ქვეყანაში ბოლო დროს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით განვითარებული მოვლენები განიხილა.

შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველს და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ეფექტიანი და შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობას - საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მისაღწევად და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

„სიმართლე, რომელსაც სახალხო დამცველი ამბობს, არ არის იოლად მისაღები და იოლად განსახორციელებელი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია-მოვალეობების ეჭვქვეშ დაყენება, ეჭვქვეშ აყენებს და ზღუდავს დემოკრატიას ქვეყანაში“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ და მოუწოდა მთავრობას, მედიას, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორცილებაში. მათ შორის, დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. „გაერო აგრძელებს სახალხო დამცველის მხარდაჭერას ნებისმიერ საქმეში“.

ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს და გაეროს სააგენტოებს, რომლებმაც სახალხო დამცველის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საჯაროდ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საშუალება სახალხო დამცველს განახორციელოს მონიტორინგი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

საქართველოს ხალხო დამცველს, როგორც პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ გაეროს კონვენციის და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად აქვს მანდატი, შევიდეს ყველა ტიპის დახურულ დაწესებულებაში.

„მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითრების პროგრამის ხელმძღვანელობას, რომელთაც დღევანდელი ვიზით ჩვენს ოფისში, კიდევ ერთხელ დაადასტურეს პატივისცემა და მხარდაჭერა სახალხო დამცველის აპარატის მიმართ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს UNDP-სა და სახალხო დამცველის თანამშრომლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)