გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის ფორუმი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ
2020 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ, მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის ონლაინ ფორუმში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ფორუმის თემას წარმოადგენდა „ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია - პლანეტისა და მოსახლეობის მდგრადი განვითარების გარანტია“ წლევანდელი, მე-9 ფორუმი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა ბიზნესსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მრავალ თემაზე, როგორიცაა: მიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა დასაქმების სფეროში, საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების როლი ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენციისთვის, არასახელმწიფო მექანიზმების გამოყენება დარღვევებზე რეაგირებისთვის, გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპების როლი რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლაში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების პრევენციული ფუნქციები და ა.შ.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის გამოცდილებაზე ბიზნესთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებთან მიმართებით. სახალხო დამცველის მანდატი მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობაზე, რომელიც აპარატმა ბიზნესის სფეროში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მიზნით განახორციელა. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ასევე მოკლედ ისაუბრა აპარატის მუშაობაზე COVID-19-ის პირობებში.