ახალი ამბები

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონულ წარმომადგენელთან

2017 წლის 6 თებერვალს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, კერძოდ, დევნილთა, კონფლიქტით დაზარალებულთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივ მდგომარეობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზე. უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის დევნილთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მიზნით, საჭიროებაზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის მნიშვნელობაზე. აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მუშაობა დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით.

სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს თანამშრომლობისა და თავშესაფრის ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩართულობისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის მიერ თავშესაფრის პროცედურის მონიტორინგის გაძლიერებას.

მხარეები მომავალში მჭიდრო თანმშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

6.02.17



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)