ახალი ამბები

გაცნობითი ვიზიტი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის ევროსაბჭოს სხვადასხვა უწყებაში

2015 წლის 2-6 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში იმყოფებოდნენ და ევროსაბჭოს სხვადასხვა უწყების ფუნქციონირების მექანიზმებსა და კონკრეტულ საქმიანობებს გაეცნენ.

ევროსაბჭოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ევროკონვენციის სტანდარტების დამკვიდრებასა და რეალიზებაზე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ფარგლებში არსებულ მექანიზმებზე, დისკრიმინაციასთან, რასიზმთან, ქსენოფობიასთან და ანტისემიტიზმთან ეფექტური ბრძოლისთვის წევრი სახელმწიფოების მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ფართოდ მიმოიხილეს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, ძალადობის აღმოფხვრისა და მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე სტამბულის კონვენციის სხვა საკითხები.

განსახილველ თემებს შორის იყო ასევე ევროპული სოციალური ქარტია, მისი პრინციპები და განხორციელებაზე მონიტორინგის მექანიზმები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ევროსაბჭოს აქტივობები და 2006-2015 წლების სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა; მოსამართლეების, იურისტების, პროკურორებისა და სხვა სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერების გზით წევრ-სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე ეფექტურად განხორციელება.

ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები დაინტერესდნენ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობების სხვადასხვა ასპექტით. აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შედგენილი ანგარიშები მათთვის ინფორმაციის ღირებულ წყაროს წარმოადგენს და აპარატთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებზე; ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეების აღსრულების მექანიზმებზე და აღსრულების პროცესში წევრი-სახელმწიფოების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ჯგუფის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაესწრნენ სასამართლოს დიდი პალატის მოსმენას საქმეზე, რომელიც ეხებოდა უნგრეთის ხელისუფლების მიერ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების სავარაუდო დარღვევას.

ვიზიტს ორგანიზაციული მხარდაჭერა გაუწია ევროსაბჭოს პროექტმა სახელწოდებით "საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება".


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)