ახალი ამბები

ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ ჟენევაში გამართულ სიმპოზიუმზე საქართველოში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობა დადებითად შეფასდა

2016 წლის 6-7 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო „წამების პრევენციის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში, რომელიც მიეძღვნა ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრის მიმდინარეობისას, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პრევენციის ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლები, გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჯანმრთელობის უფლების საკითხებზე, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წევრები, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, საუბარი შეეხო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმების მუშაობის მნიშვნელობას, მონიტორინგის განხორციელებისას არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ნიკა კვარაცხელიამ სიმპოზიუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობის სპეციფიკა და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი პრობლემური საკითხები. მან ასევე ისაუბრა მედიკამენტური მკურნალობის ადეკვატურობის, ზედოზირებისა და პაციენტის ქიმიური შეზღუდვის საკითხის შეფასების აუცილებლობაზე და წარმოადგინა აღნიშნული საკითხების შესწავლის მეთოდოლოგია, რომელსაც პრევენციის ეროვნული მექანიზმი საქართველოში იყენებს. სიმპოზიუმის მონაწილეებმა საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამუშაო მეთოდოლოგია დადებითად შეაფასეს, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ექსპერტმა, ტიმოთი ჰარდინგმა კი განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიდგომებს და სამუშაო მეთოდოლოგიას. ასევე კარგი პრაქტიკის მაგალითად იქნა მიჩნეული პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრთა მულტიდისციპლინური შემადგენლობა, დამუშავებული და გაწერილი სამუშაო მეთოდოლოგია, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების ინტენსიური სწავლება, ეფექტური თანამშრომლობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან, მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნება და ამ ანგარიშში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით დადგენილი სტანდარტების გამოყენება.

5.09.16-7.09.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)