ახალი ამბები

ფემიციდის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

2018 წლის 18 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა „ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში“ წარმოადგინა. ანგარიშში ასახულია 2016 წელს მომხდარი ქალთა გენდერული მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ანალიზი ქვეყნის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვისა და დახმარების კუთხით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებაში.

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. აღნიშნა, რომ მიუხედავად შეტყობინებებისა და შემაკავებელი ორდერების გაზრდილი მაჩვენებლებისა, სამწუხაროდ, ქალთა მკვლელობების საკითხებზე მონიტორინგის და შეფასების სისტემა მხოლოდ ახლა დაინერგა.

„მხოლოდ 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე და მათ შორის 14 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი; ქალთა მკვლელობის მცდელობის მუხლით 15 ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მათგან ოჯახში ძალადობის ნიშნით 12 ფაქტი იყო ჩადენილი. ეს სტატისტიკა მიანიშნებს, რომ ქალთა მკვლელობების უმრავლესობა ოჯახში ძალადობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის უმთავრესი რეკომენდაციაა ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა,“– განაცხადა სახალხო დამცველმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აქტიურ ჩართულობას ფემიციდის პრობლემის დაძლევის საქმეში. პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქალთა მკვლელობებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, მათ შორის, შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სამოქალაქო სექტორთან, სახალხო დამცველთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშის“ მიხედვით, ფემიციდის მაღალი რაოდენობა მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან, ისე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პოლიტიკასთან და ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა სისტემის ნაკლოვანებებთან. შესაბამისად, ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია სისტემური ნაბიჯების გადადგმა. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი ვებ-გვერდი www.femicide.ge .

შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

18.06.18

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)