ახალი ამბები

ევროპული კომისიის ორგანიზებით თბილისში თანასწორობის ორგანოების შესახებ რეგიონული სემინარი გაიმართა

2017 წლის 6-7 აპრილს, თბილისში, ევროპული კომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ინსტიტუტის (TAIEX) ფარგლებში, თანასწორობის ორგანოების ევროპულ ქსელთან (Equinet) და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით, გაიმართა რეგიონული სემინარი თანასწორობის ორგანოების გაძლიერების და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხების შესახებ. სემინარს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ინსტიტუტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარის მიზანი იყო ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სახელმწიფოების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების მიერ გამოცდილების გაზიარება. საქართველოს გამოცდილების შესახებ სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის და თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მსგავსი ღონისძიების საქართველოში გამართვის მნიშვნელობას, რამდენადაც, სახალხო დამცველი, როგორც ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, განსაკუთრებულ როლს ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე.

7.04.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)