ევროპის საბჭოს პროექტი - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“
2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ გახსნის ღონისძიებაში.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თამარ გვარამაძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი დახმარებისათვის, რომელსაც ორგანიზაცია უწევს სახალხო დამცველის აპარატს და განსაკუთრებით პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სამუშაო მეთოდოლოგიის დახვეწაში, თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ევროსაბჭოს ეგიდით პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის არაერთი სასწავლო აქტივობა და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, გადაიხედა და შემუშავდა მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები.
ახალი პროექტის დაწყება და სახალხო დამცველის ოფისის ჩართვა პროექტის აქტივობებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის. სასიხარულოა, რომ პროექტით გათვალისწინებულია, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, როგორც პოლიციის მონიტორინგის მეთოდოლოგიის განახლება, ასევე არასრულწლოვანი პატიმრების მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა, - განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ღონისძიებაზე.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია. პროექტის მიზნები დამსწრე საზოგადოებას ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა, პროექტის უფროსმა ოფიცერმა ეთერ ყამარაულმა გააცნო.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ნაწილია.