ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის კონფერენცია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე
2018 წლის 19-21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ევროპისბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) 22-ე კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდნენ. ღონისძიებას, რომელიც ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე გაიმართა, საფრანგეთის ბავშვთა ომბუდსმენმა პარიზში უმასპინძლა.
კონფერენციაზე განიხილეს ომბუდსმენის ინსტიტუტების როლი ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული სტიგმის, საკანონმდებლო ხარვეზების და პრაქტიკაში მათი დაძლევის პრობლემები. ღონისძიების მიმდინარეობისას სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ სამუშაო ჯგუფებში, ამასთან სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა წაიკითხა მოხსენებები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა მდგომარეობის და ზოგადად, ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
21 სექტემბერს ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების (ENOC) გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული სამი მიმართვა დაამტკიცა: ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვთა საერთაშორისო გაშვილებისა და ქვეყნიდან გადაადგილებული ბავშვების განათლების საკითხთა შესახებ. ქსელის წევრი ქვეყნების ომბუდსმენები ამ მიმართვებს თავიანთ მთავრობებს გაუგზავნიან.
საქართველოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ახალგაზრდული პროექტის (ENYA) ჯგუფის წარმომადგენლები - პროექტის კოორდინატორი, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მთავარი სპეციალისტი თამთა ბაბუნაშვილი და თბილისის 51 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თორნიკე ნიჟარაძე. აღნიშნულ ახალგაზრდულ პროექტზე საქართველოს ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყო 15 მოსწავლე, 2018 წლის მარტში დაიწყო მუშაობა. მოეწყო შეხვედრები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ექსპერტებთან, ასევე, მარნეულისა და თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. არასრულწლოვანთა მონაწილეობით მომზადდა ვიდეო რგოლი, რომელიც სხვა ნამუშევრებთან ერთად კონფერენციაზე იქნა ნაჩვენები.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 29 მარტიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) ბიუროს გადაწყვეტილებით, კვლავ ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.