ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი
2017 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 58 მოქალაქის დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.
გერმანიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“ (FRONTEX). ფრენამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დადებითად უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტის ექიმის გადაწყვეტილებით, გერმანული მხარის მიერ ფრენისთვის შესაბამისობის დამადასტურებელი ცნობის წარმოუდგენლობის გამო, ბორტზე არ დაუშვეს გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონე საქართველოს მოქალაქე.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნველყოფს დაბრუნებულთა აეროპორტში დახვედრას, მათთან გასაუბრებას, დროებით საცხოვრისში განთავსებასა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების სხვადასხვა პროგრამებზე გადამისამართებას. მიუხედავად ამისა, დასანანია ის ფაქტი, რომ 12 დეკემბერს, საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენლები არ დახვედრიან, რამაც გარკვეული გავლენა იქონია პროცესის ორგანიზებულობაზე. მართალია, საბოლოო ჯამში მოხდა დაბრუნებულ მიგრანტთა საცხოვრისში გადამისამართება, მაგრამ მიზანშეწონილია, მიღებულ იქნას დამატებითი ზომები პროცესის ოპერატიულობისა და ორგანიზებულობის ხარისხის ასამაღლებლად.