ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა
2016 წლის 18 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან პაატა ბელთაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა და საბჭოს მუშაობის სამომავლო გეგმები განიხილა.
მოგვიანებით, ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ თავისივე შემადგენლობიდან „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ შესრულების მონიტორინგის ჯგუფის წევრები აირჩია. ჯგუფის წევრები, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, ოთხი მიმართულებით იმუშავებენ: კანონის უზენაესობა; სახელმწიფო ენა და განათლება; კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
საბჭო ყოველწლიურად ატარებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შესრულების მონიტორინგს, გეგმის შესრულებისას არსებული ხარვეზებისა და მიღწევების გამოვლენის მიზნით. მონიტორინგის საფუძველზე საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და შემდეგ მუშაობს ამ რეკომენდაციების ადვოკატირებაზე, რაც ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აქტივობებია.