დ.ს.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი მთავრ პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით, დაიწყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდის დ.ს.–ს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლა.
გავრცელებული ინფორმაციით დ.ს.-ს მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით პოლიციასთან თანამშრომლობაზე იძულებით დაყოლიებას ძალადობით.
პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად ცნო პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ.თ. დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით. ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას და, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. დამაჯერებელი პასუხი გაეცეს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას. მათ შორის, როგორ მოხდა, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა პირი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიიმალა. რა გააკეთა პროკურატურამ საიმისოდ, რომ აღნიშნული პირი არ მიმალულიყო. მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში.
მომხდარმა ფაქტმა ასევე გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის საქმიანობა არის რეპრესიული, დაფუძნებულია ადმიანის უფლებათა დარღვევაზე, პირადი ცხოვრების ხელყოფაზე და დამკვიდრებულია, როგორც მიღებული პრაქტიკა.
ცხადია, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის გარეშე პოლიციის მუშაობა აზრს მოკლებულია, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს უფრო მაღალი სიკეთის - ადამიანის უფლებების ხელყოფის ხარჯზე. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკრეტული საფუძვლებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისათვის უნდა ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს.ადამიანის უფლებათა სამართლით საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალულია იმოპერატიულ-სამძებროღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას და რომელიც დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან.
შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დროული და ყოველმხრივი გამოძიება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დ.ს.-ს გარდაცვალების მიზეზის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის შესაძლო კავშირის დასადგენად, არამედ ანალოგიურ შემთხვევებში სისტემურ დანაშაულთან ბრძოლისთვის.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით, პოლიციის სისტემაში არსებული მეთოდების შესწავლა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იძულების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების მუქარის და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები.
სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა უფლებამოსილ ორგანოებს უარი თქვას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და გახადოს ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური.