დევნილის დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია რიგმა უწყებებმა არ გაითვალისწინეს
2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს დევნილი რ.უ.-ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.
რ.უ., როგორც დევნილი, რეგისტრირებული იყო დის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა და სხვადასხვა ნათესავებთან ცხოვრობდა. მოგვიანებით, განმცხადებლის დის მეუღლეს ა.ბ.-ს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი, სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის წესით, კერძო საკუთრებაში გადასცა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს რ.უ.–ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ რ.უ. ინფორმირებული არ ყოფილა.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფართის პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხის მომზადებისას და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, თან უნდა ჰქონოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო მესამე პირთა წერილობითი თანხმობის მოპოვება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
მიუხედავად იმისა, რომ რ.უ. რეგისტრირებული იყო ა.ბ.-ს საცხოვრებელ მისამართზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა ევალებოდა, კერძოდ, ა.ბ.–ს ოჯახის შემადგენლობის აღწერა და მისი შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების განმკარგველი ორგანოსათვის მიმართვა.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაში საქმის გარემოებების სრულყოფილად აღწერისა და გარკვევის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიეღო ზომები რ.უ.-ს დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, რაც არ გაუკეთებია.