დანიის საპარლამენტო ომბუდსმენის გამოცდილების გაზიარება თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის საკითხებში
საქართველოს სახალხო დამცველისა და დანიის საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2016 წლის 27–29 სექტემბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა შეხვედრები თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ, „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის მენეჯერმა თამთა პაპუაშვილმა და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ბექა ჯავახაძემ.
ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, როგორც დანიის საპარლამენტო ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებთან, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები და განსახლების ცენტრების ხელმძღვანელ პირებთან.
საპარლამენტო ომბუდსმენის საერთაშორისო და ნაციონალური პრევენციის მექანიზმის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა საქართველოს დელეგაციას გააცნეს საპარლამენტო ომბუდსმენის საქმიანობა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხების შესწავლის კუთხით და წარმოადგინეს ვრცელი პრეზენტაციები საპარლამენტო ომბუდსმენის მანდატისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შესახებ, მათ შორის მიგრაციის სამსახურისა და თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრების მონიტორინგის საკითხებზე.
ვიზიტი ასევე მოიცავდა შეხვედრებს, როგორც დანიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებთან, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრების მონახულებას ადგილზე. მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება მოხდა იმ საუკეთესო გამოცდილების შესახებ, რაც დანიას ჰქონდა გასულ წლებში დიდი რაოდენობით მიგრანტთა, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა, ნაკადის მიღების პირობებში, რამაც შესაბამისი ცვლილებები გამოიწვია სახელმწიფო სტრუქტურებში: შეიქმნა იმიგრაციის, ინტეგრაციისა და განსახლების სამინისტრო, რომლის შემადგენლობაში შევიდა მიგრაციის სამსახური 7 ლტოლვილის სტატუსის დადგენისა და 1 წარმოშობის ქვეყნის განყოფილებით.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სენდჰოლმის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მონიტორინგი, სადაც გაიმართა შეხვედრა მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელთან. სენდჰოლმის ცენტრი არის თავშესაფრის მაძიებელთა გამანაწილებელი, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე გაიმართა ვიზიტები ელებეკის დახურულ ცენტრში, სადაც განთავსებული არიან ის თავშესაფრის მაძიებლები, რომელთაც დანიის კანონმდებლობის თანახმად, თავისუფლება აქვთ აღკვეთილი. ვიზიტის ბოლოს განხორციელდა სჟელსმარკის ცენტრში ვიზიტი. აღნიშნული ცენტრი ფუნქიონირებს მხოლოდ იმ თავშესაფრის მაძიებელთათვის, რომლებსაც უარი ეთქვათ სტატუსის მინიჭებაზე და ექვემდებარებიან დეპორტაციას.
სახალხო დამცველის აპარატი მიღებულ ცოდნასა და წარმატებული ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებას, შესაბამისი დამუშავების საფუძველზე, გამოიყენებს შემდგომ საქმიანობაში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვისა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
გამოცდილების გაზიარების ვიზიტი გაიმართა „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.