დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი
2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის აეროპორტში, სადაც საქართველოს 46 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.
დასაბრუნებელი პირები გერმანიისა და საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.
დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. ფრენის პროცესში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.
წინა მონიტორინგის მსგავსად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს დიუსელდორფის აეროპორტიდან საქართველოში სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს. თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემის სისტემურ გადაჭრას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია ფრონტექსისა და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე.