ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის ივნისი
სახალხო დამცველმა ივნისის თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, სადაც მოკლედ არის მიმოხილული სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, შეხვედრები სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებთან, საერთაშორისო ვიზიტები, ტრენინგები, სპეციალური ანგარიშების პრეზენტაციები, სასამართლოს მეგობრის მიმართვები, სახალხო დამცველის სპეციალური განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რეგიონული სამმართველოების მიერ ჩატარებული ღონისძიებები და აპარატის მიერ გაწეული საგანმანათლებლო საქმიანობა.
ბიულეტენში ასევე საუბარია სახალხო დამცველის აქტიური მონაწილეობის შედეგად, წარმატებით დასრულებულ საქმეებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის არა მხოლოდ ცალკეულ ფაქტებზე, არამედ ისეთ გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც სისტემურ ცვლილებებს გამოიწვევს და მნიშვნელოვან დადებით გავლენას იქონიებს დემოკრატიული, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. მათ შორის შეიძლება მოვიხსენიოთ საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეტყობინების პროცედურის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატური ოქმის რატიფიკაცია, რაც საშუალებას მისცემს ცალკეულ ბავშვს საჩივარი შეიტანოს მისი უფლებების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამ ოქმის რატიფიკაციის შესახებ რეკომენდაცია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც არის შესული.
ბიულეტენში გაეცნობით სახალხო დამცველის შეფასებას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის მოსმენასთან და მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი გაგზავნილი სარჩელის შინაარსს, სადაც სახალხო დამცველი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდებას. შეიტყობთ მორიგი საჯარო დებატების შესახებ, რომელზეც გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონში არსებული ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების დაბალი ჩართულობა და სხვა საკითხები განიხილეს; იხილავთ ტრეფიკინგის საკითხებში ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის მდგომარეობის შესახებ.
ივნისის საინფორმაციო ბიულეტენში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიმდინარე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია განხილული.