ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა - 2016 წლის დეკემბერი
საქართველოს სახალხო დამცველმა საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს დაეთმო, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბერს აღნიშნავს. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა ამ დღეს მთელი კვირეული მიუძღვნა და ბიულეტენში შეიტყობთ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ, მათ შორის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას, გაწეულ საინფორმაციო კამპანიას, ჩატარებულ საჯარო ლექციებს, საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან გამართულ შეხვედრებს, კონკურს მე ომბუდსმენის გამარჯვებულთა დაჯილდოებას.
დოკუმენტში წარმოდგენილია სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები ქვეყანში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; ასევე, მომზადებული რეკომენდაციები, წინადადებები და ზოგადი წინადადებები, სასამართლო მეგობრის მოსაზრებები, სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის მოადგილეების საერთაშორისო ვიზიტები და ქვეყნის შიგნით გამართული შეხვედრები, რამაც სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება განესაზღვრა და გამოეკვეთა განსაკუთრებული მნიშვნელობის და სწრაფად გადასაჭრელი პრობლემები.
დეკემბრის ბიულეტენში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წარმატებულ საქმეებს, როგორიცაა სააპელაციო სასამართლოს მიერ სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრების გათვალისწინება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობა იმ ნორმების, რომლებიც სახალხო დამცველმა გაასაჩივრა. სახალხო დამცველის რეკომენდაციით მოქალაქეებმა საჯარო ინფორმაცია მიიღეს, ხოლო დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია კერძო კომპანიამაც გაითვალისწინა და საიტის პარამეტრების ცვლილებაზე მუშაობა დაიწყო.
ბიულეტენში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად იხილავთ ინფორმაციას სამოქალაქო განათლების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების, რეგიონების მაცხოვრებლებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესახებ, ევროსასამართლოში საქართველოს მოქალაქეთა სარჩელების წარმატებაზე რუსეთის წინააღმდეგ; გაეცნობით სახალხო დამცველის აპარატის ახალ თანამშრომლებს, აპარატის ზოგიერთი სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას და მომართვიანობის სტატისტიკას.