ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის მაისი
სახალხო დამცველმა საზოგადოებას მაისის თვის ბიულეტენი წარუდგინა. ბიულეტენში ასახულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მთელი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის, საკანონმდებლოც, სახელისუფლებო უწყებათა და ორგანიზაციათა დამოკიდებულება სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციებისადმი. გაეცნობით ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფიციალური შეხვედრების შესახებ, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გზების ძიებაა.
ბიულეტენში ერთ-ერთ მთავარ თემად შესულია ტრადიციული დებატები, რომელიც მაისის თვეში სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის განხილვას მიეძღვნა. ყოველთვიურ საჯარო დებატებში პირველად მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მის გამოსვლაში განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სახალხო დამცველის აპარატის დამსახურებას ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში და ომბუდსმენის მანდატის გაზრდის მიზანშეწონილობაზეც ისაუბრა.
ბიულეტენში იხილავთ სახალხო დამცველის რეკომენდაციას შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობის შესახებ, ომბუდსმენის მიერ შეფასებულია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მნიშვნელობა და მიზანი - ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. აღნიშნულია, რომ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს მაღალგანვითარებული, სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის აუცილებლობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
მაისის თვეში საქართველოსა და ისრაელის ომბუდსმენებს შორის მემორანდუმის ხელმოწერით განმტკიცდა ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ინსტიტუტების თანამშრომლობა.
იხილავთ ინფორმაციას სახალხო დამცველის შეხვედრების შესახებ საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებთან. გაეცნობით სახალხო დამცველის აპარატის ცალკეული სამსახურებისა და თანამშრომლების საქმიანობას. ასევე გაეცნობით სახალხო დამცველის მიმართვებს ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებისადმი, კონფერენციებს, ანგარიშებსა და ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობებს, რასაც ყოველდღიურად ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.