ბედიანის შშმ პირთა პანსიონატის ვიზიტის შემდგომი ანგარიში
2024 წლის 9 და 10 დეკემბერს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პრევენციული ვიზიტი განახორციელა შპს ბედიანის შშმპ პანსიონატში. პრევენციული ვიზიტის მიზანი იყო იმის შეფასება, თუ რამდენად არიან დაცული ბენეფიციარები არასათანადო მოპყრობისაგან, მიუწვდებათ თუ არა მათ ხელი სამართლებრივი დაცვის გარანტიებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სერვისებზე და რამდენად შეესაბამება მათი განთავსების პირობები საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.
წლების განმავლობაში, სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციას, რომ ის პაციენტები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას და წასასვლელი არსად აქვთ, თემში შეეთავაზოთ საცხოვრისები. ბედიანში მდებარე ფსიქიატრიული სტაციონარი ჯერ გარდაიქმნა თავშესაფრად, შემდგომ კი საცხოვრისის სერვისად, თუმცა არსობრივად და სერვისების მიწოდების კუთხით არაფერი შეცვლილა. დაწესებულება რეალურად წარმოადგენს ინსტიტუციას, სადაც ბენეფიციარები იზოლირებული არიან გარე სამყაროსგან და სადაც არ არის მათი გონებრივი, ემოციური და ფიზიკური განვითარების ხელშემწყობი გარემო.
პრევენციული მანდატის ფარგლებში, წინამდებარე ანგარიშში თემატურად წარმოდგენილია შპს ბედიანის შშმპ პანსიონატში არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც არსებითად გააუმჯობესებს პანსიონატში მყოფი ბენეფიციარების უფლებების დაცვის მდგომარეობას.