ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულდა
2018 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც უარი ითქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუსლიმმა თემმა საკულტო ნაგებობის მშენებლობა მოითხოვა, საცხოვრებელ ზონა 6-ში მდებარეობს. ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მითითებულ ფუნქციურ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემა მხოლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების არსებობის პირობებშია შესაძლებელი. მუსლიმებს უარი ეთქვათ როგორც სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიაა.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბათუმის მერის უარყოფითი გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშეა მიღებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბათუმში მდებარე „ორთა ჯამე“ მლოცველებს ვერ იტევს და მათ ღია ცის ქვეშ უწევთ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. მუსლიმი თემი დიდი ხანია ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვს და ეს საკითხი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც აისახება.
საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ბათუმის მერიას არაერთგვაროვანი მიდგომა გააჩნდა სხვადასხვა კონფესიისადმი. კერძოდ, იმავე ფუნქციურ ზონაში, რომელშიც მეჩეთის მშენებლობა მოითხოვეს, დღესდღეობით რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია არის აშენებული, რომელზეც სათანადო წესით ნებართვა არ გაცემულა და არც სამართალდარღვევაზე დაწყებულა წარმოება. მაშინ, როცა მუსლიმებს, სამშენებლო სამართალდარღვევის – მეჩეთის თვითნებური მშენებლობის გამო, სახდელი დაეკისრათ და დემონტაჟის განხორციელება დაევალათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ბათუმის მერს უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა. ბათუმის მერმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რაც კიდევ უფრო აჭიანურებს დარღვეული უფლების აღდგენას და არსებითად აზარალებს ადგილობრივ მუსლიმ თემს.