აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის რიგით მე–9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, რეფორმების ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ქვეყნისთვის აქტუალური არაერთი საკითხი განიხილეს.
სახალხო დამცველის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების რაოდენობასა და შინაარსზე; შეეხო როგორც დადებით განვითარებებს, ასევე იმ ხარვეზებს, რომლებიც დაუყოვნებლივ და ქმედებებზე ორიენტირებულ რეაგირებას საჭიროებს.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის შესახებ საუბრისას ნათია კაციტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ციხეებსა და პოლიციაში ვიდეო ჩანაწერების მცირე ვადით შენახვისა და სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიდეო ჩანაწერებზე წვდომის სირთულეებს, რაც აფერხებს სახალხო დამცველის ეფექტიან საქმიანობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტუალურ გამოწვევებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაზე, ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებაზე და ა.შ.