არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქება სატელევიზიო ეთერში
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუსა“ და სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ გადაცემას „გია ჯაჯანიძის შოუს“. გადაცემებში საუბარია არასრულწლოვნებზე, რომლებიც არიან ე.წ. „მორგის“ წევრები და „ემო ბავშვები“.
გადაცემაში გაჟღერებული პრობლემები თავისთავად მნიშვნელოვანია და აუცილებელია შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა განახორციელონ ადეკვატური რეაგირება ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაცული იყოს შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები მაშინ, როდესაც შუქდება არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით კი მათი მონაწილეობით.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–17 მუხლის თანახმად, აღიარებულია ბავშვის უფლება ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროების ინფორმაციასა და მასალაზე. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 37–ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისგან. ამავე კოდექსის თანახმად, მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება ან წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული კოდექსი ასევე მიუთითებს იმ ფაქტორებზე, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ძალადობის გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღებისას და რამაც შესაძლოა აუდიტორიაზე ძალადობის ემოციური ზემოქმედების ხარისხი გაზარდოს. აღნიშნულ ფაქტორებს შორისაა ტკივილის, ზიანის მიყენების ან მკვლელობის უჩვეულო ან სადისტური მეთოდები. ასევე, შემთხვევები, როდესაც დაზარალებულები ბავშვები არიან და ძალადობაზე, განსაკუთრებით კი ბავშვების ძალადობაზე სხვების რეაქციების ასახვა. აქვე აღსანიშნავია, რომ გადაცემებში აქცენტი გაკეთდა ბავშვების ფიზიკურ აღწერილობაზე, ჩაცმის სტილზე და ა.შ. მათი ამ სახით წარმოჩენა კი ქმნის გარკვეულწილად სტიგმატიზების საფრთხეს, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან შესაძლოა მათ მიმართ გააძლიეროს სტერეოტიპული დამოკიდებულება და გამოიწვიოს აგრესია. ამასთანავე, ორივე გადაცემაში მეტნაკლებად იდენტიფიცირებადია ადგილები, სადაც ბავშვები იკრიბებიან. ასევე, ერთ სიუჟეტში ჩანს ბავშვების ფიზიკური დაზიანების კადრები, რომლებიც გადაღებულია ახლო ხედით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მედიას განსაკუთრებული როლი უჭირავს ბავშვის უფლებების დაცვის საკითხში. ასევე, მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანიებს, რომ ბავშვის უფლებების კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და წარმოჩენის მიზნით, თითოეული აღნიშნული პრობლემა გაშუქდეს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვის ჭრილში, რაც პირველ რიგში ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მის დაცვას ნებისმიერი სახის მავნე ზეგავლენისგან.