ახალი ამბები

არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“

2019 წლის 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ - თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინსიტროს ღონისძიებაზე, რომელიც არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას ეძღვნებოდა.

მიმართვისას თამარ გვარამაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია მუშაობს ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების პრევენციის, პოლიტიკის განსაზღვრისა და შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიმართულებით. სწორედ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შეიცვალა ქორწინების რეგისტრაციის ასაკი და გახდა 18 წელი, რითაც საქართველო ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები.“

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ასევე, ისაუბრა გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შემცირებისა და თავიდან აცილების მიზნით აუცილებლია 1. მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, 2. სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მოწესრიგება, 3. რეაგირების მექანიზმების დახვეწა და მათი ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ 18 დღიანი კამპანია დაიწყო სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“.

#ნუწაართმევბავშვობას

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)