ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილ ერთ-ერთ საკითხს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა წარმოადგენს.
საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, სასამართლოსადმი მიმართვის ვადა სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში 1 თვეს, ხოლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე 3 თვეს წარმოადგენს. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი კი ადგენს, რომ სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო დავას სასამართლო განიხილავს. იმ პირობებში, რომ დასაქმებულს არსებითად მცირე დრო ეძლევა გადაწყვეტილების სასამართლოში გასასაჩივრებლად, სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის პროცესში კი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არ ხდება, უმეტეს შემთხვევაში, სახალხო დამცველისთვის მიმართვის პარალელურად მომჩივანი მიმართავს სასამართლოსაც, რაც იწვევს სახალხო დამცველის მიერ საქმის წარმოების შეჩერებას. იგივე შეიძლება ითქვას სხვა დავებზე, სადაც სასამართლოსადმი მიმართვის ვადა არის 3 თვე და სადაც მომჩივანს სასამართლოში სარჩელი შეაქვს იმის გამო, რომ მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. შედეგად, უამრავი დავა და მათი სწრაფი მოგვარების შესაძლებლობა სახალხო დამცველის კომპეტენციის გარეთ რჩება. სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, საკანონმდებლო ბადე ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ სახალხო დამცველისა და სასამართლოს ფუნქციები ერთმანეთს არ ფარავდეს და მათი ერთობლივი თანაარსებობა, ურთიერთდახმარების გზით, ორიენტირებული იყოს ადამიანების დისკრიმინაციისგან ეფექტურად დაცვაზე.
ამასთან, დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის 3 თვის ვადა ძალიან მცირეა და არ არის საკმარისი სასამართლოში სარჩელის შესატანად საქმის მასალების მოსამზადებლად. სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნული სამთვიანი ვადის ერთ წლამდე გაზრდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირებისგან საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება მინდობილია მხოლოდ მხარეთა კეთილ ნებაზე, რის გამოც, პრაქტიკაში მნიშვნელოვნად რთულდება საქმის გარემოებების ყოველმხრივად გამოკვლევა. შესაბამისად, მართებული იქნება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც კერძო პირსა თუ საჯარო დაწესებულებას დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შესახებ გონივრული ვარაუდის შემთხვევაში, ყველა საჭირო მასალის გადაცემის ვალდებულებას დააკისრებს.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. თუ ქვემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა დისკრიმინაცია, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია მომხდარ ფაქტზე რეაგირებისა და დარღვეული უფლების ეფექტური აღდგენის შესაძლებლობა (დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ზიანის ანაზღაურების), რის გამოც აღნიშნული წარმოება სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმად არ შეიძლება განვიხილოთ. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება, თუ მე-9 მუხლიდან მთლიანად ამოღებული იქნება პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში, „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.