ანგარიში N7 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N7 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ 2013 წელს განხორციელებული ვიზიტისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემდგომ, სახალხო დამცველმა N7 დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა; ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არა თუ არ გამოსწორებულა ვითარება, არამედ გაუარესდა კიდეც ვინაიდან, პატიმართა რაოდენობა ერთიმესამედით (25 პატიმრით)გაიზარდადა შესაბამისად, დაწესებულება გადატვირთულია.ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით. ანგარიშის ძირითადი მიზანია, დაწესებულებაში ამჟამად არსებული მდგომარეობის დოკუმენტირება და დაწესებულების დახურვამდე, დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად იმ კონკრეტული ზომების შეთავაზება, რომელთა დაუყოვნებლივ მიღება სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს აუცილებლად მიაჩნია.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ; თუმცა, დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, უსაფრთხოების ღონისძიებების გადაჭარბებული გამოყენების პრაქტიკა, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა, ოჯახის წევრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან საკმარისი კონტაქტის არარსებობა შეუძლებელს ხდის პატიმრების მიერ სასჯელის მოხდას მათი ღირსების პატივისცემის პირობებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ყოველივე აღნიშნული საფრთხეს უქმნის დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ფიზიკური ძალადობის რისკიც იმატებს.
2015 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ანგარიშში აღწერილი პრობლემები პირადად გააცნო და ისაუბრა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ზომების მიღების მზაობა გამოხატა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მოკლე ვადებში გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა N7 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეექმნათ ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პატიმრობის პირობები.