აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევის ფაქტების აღკვეთის მიზნით სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
2007 წლის 3 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე პირები დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და აცნობეს, რომ აქციის მსვლელობისას, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი აქციის მონაწილეთა ფიზიკურ შეურაცხყოფას.
- 3 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 1 საათსა და 40 წუთზე, ლესია უკრაინკას ქუჩის ორ ნომერთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს რატი მაისურაძის განცხადებით, ათარბეგოვისა და ლესია უკრაინკას ქუჩების კუთხეში მას წამოეწია ორი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა დაახლოებით 10 პირი, ნიღბებით და ხელკეტებით. მათ დანახვაზე რატი მაისურაძე გაიქცა ა.ზიჩის ქუჩისაკენ, ამ დროს მას ნიღბიანებმა 3-ჯერ ესროლეს. რატი მაისურაძე წაიქცა. უცნობებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემეს ხელკეტებითა და მუშტებით. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული მოვლენები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიდან დაახლოებით 15 მეტრში ვითარდებოდა, თუმცა პოლიციელებს არც გასროლაზე და არც მისი ცემის ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. რატი მაისურაძე მოათავსეს ერთ-ერთი მანქანის საბარგულში და უცნობ ადგილას წაიყვანეს, იქაც ცემეს, შემდეგ ისევ მანქანის საბარგულში მოათავსეს და მუხათგვერდის სასაფლაოზე გადაიყვანეს, სადაც ისევ ცემეს ხელკეტებითა და იარაღის ტარებით, ურტყამდნენ თავსა და ფეხებში. რის შემდეგაც დატოვეს მუხათგვერდის სასაფლაოს ახლომდებარე ხიდთან. დაახლოებით, 10 წუთში გამოიარა ტაქსმა, რომელმაც რატი მაისურაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში წაიყვანა.
- ამავე დღეს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, სოხუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეს კობა ჭითანავას რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი განმარტებით, „ბილაინის“ ოფისის წინ იდგა ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ფორმიანი ადამიანები. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და კობა სიჭინავას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, წააქციეს და უმოწყალოდ სცემეს წიხლებით.
- სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ასევე დაუკავშირდნენ აქციის მონაწილეები ბიჭიკო მშვიდობაძე და ნიკა მაჭუტაძე. მათი განმარტებით, ისინი 3 ნოემბერს დაახლოებით 2 საათზე აქციიდან ბრუნდებოდნენ სახლში. მათ ოპერის შენობის წინ შენიშნეს ავტომანქანა ჯიპი რომელშიც ისხდნენ ფორმიანი პირები. ნიკა მაჭუტაძის განმარტებით, მათ მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბიჭიკო მშვიდობაძემ და ნიკა მაჭუტაძემ თავს გაქცევით უშველეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში პლატფორმა „ექიმები სიცოცხლისთვის“ ავსტრიის წინააღმდეგ განმარტა, რომ მე-11 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას აქციის მონაწილეების უსაფრთხოება განსხვავებული აზრის მქონე პირებისაგან (32 პარაგრაფი).
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე. პოლიციის თანამშრომლებს სრული შესაძლებლობა აქვთ გააკონტროლონ ვითარება რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამგვარი ინციდენტები. გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ ოპოზიციური ძალების მიმართ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მაშინ როდესაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილას თავმოყრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის მთლიანი პირადი შემადგენლობა.
ვინაიდან გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მოსალოდნელია კვლავ ჰქონდეს ადგილი ამგვარ ფაქტებს, სახალხო დამცველის აპარატი გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი 99 58 98, რომელზე დაკავშირებაც შეეძლებათ აქციის მონაწილეებსა და ნებისმიერ პირს, ვისი უფლებებიც დაირღვევა აქციის მსვლელობისას და სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფი შესაბამის დახმარებას გაუწევს მათ.